17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლო ხიმშიაშვილისა და ვარშანიძის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა საქმეების განხილვა გრძელდება. დღეს სასამართლო ასევე ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე მსჯელობდა, რომელთა დაკავებასაც ქალაქში მწვავე პროტესტი მოჰყვა.

დღესვე სასამარლოს ჩვენება მისცეს იმ პირებმა, რომლებიც ბათუმში ჯიმი ვარშანიძის დაკავებას ესწრებოდნენ. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ის სამართალდამცველი, რომელმაც 11 მარტს ჯიმი ვარშანიძე დააკავა. 

სასამართლომ დღეს რამაზ ხიმშიაშვილსაც მოუსმინა. ისიც 11 მარტს დააკავეს და მასაც პოლიციის შეურაცხყოფა და წინააღმდეგობის გაწევა ბრალდება. ხიმშიაშვილი ერთ-ერთია, ვისი გათავისუფლების მოთხოვნითაც 11 მარტს ბათუმში საპროტესტო აქცია დაიწყო.

ხიმშიაშვილისა და ვარშანიძის ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოაცხადებს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამარლომ დღეს კიდევ 3 პირის საქმე განიხილა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კახა ელიაშვილს, როინ ზაქარიაძეს და მანუჩარ დუმბაძეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და წვრილმან ხულიგნობა ბრალდებათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2 პირს 250-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, როინ ზაქარიაძის სასამართლო პროცესი კი, მისი გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.

 

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

დღის ამბები