17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
მილიონიანი ქონება - ნარმანია იმ გამოძიების დასრულებას ელოდება, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა

ახალგაზრდა იურისტების მიერ მომზადებულ კვლევას მოსამართლე ნაზღაიძისთვის მილიონიანი ქონების გადაცემაზე საკრებულოს უმრავლესობა ახალ დოკუმენტებს უპირისპირებს. თუმცა, საია-ში ვარაუდობენ, რომ ქართული ოცნების ახალი ე.წ. მტკიცებულებები მხოლოდ ამყარებს ორგანიზაციის მოსაზრებებს, რომ თბილისის მერიის სქემა შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

დედაქალაქის მერი ყველა მხარეს გამოძიების დასრულებისკენ მოუწოდებს, თუმცა დავით ნარმანია არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში, რომ გამოძიება ოფიციალურად ნაზღაიძის საქმეზე არც კი დაწყებულა.

გუშინ მთავარი პროკურორი აცხადებდა, რომ უწყებაში ნაზღაიძის საქმეზე არსებული მასალების მხოლოდ შესწავლა მიმდინარეობს. თბილისის მერი კი გამოძიების შედეგებს ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის ოჯახისთვის ქონების გადაცემაში უკანონობას ვერ ხედავს.

განცხადება ნარმანიამ იმ კვლევის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა და, სადაც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზეა საუბარი. თბილისის მერს საწინააღმდეგო არგუმენტად სხვა არასამთავრობოების მიერ მომზადებული განცხადებები მოჰყავს.

ნარმანია იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწავლილი მასალების საფუძველზე ცალსახად კორუფციული გარიგების არსებობა არ დასტურდება.

ორგანიზაციას მიუღებლად მიაჩნია ფაქტი, როდესაც საზოგადოებაში არსებული კითხვების მიუხედავად, თბილისის მერი პასუხების გასაცემად საკრებულოში არ მიდის.

ოპოზიცია გამოძიების დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს.

როდის დაიწყება გამოძიება მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის შესახებ, უცნობია.

დღის ამბები