17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
ლუკავას საქმე - დრანდის ციხეში დაკავებული ქართველის საქმის ახალი დეტალები

ლალი ბასარია ენგურის ხიდზე მეშვიდე წელია, იმ იმედით მიდის, რომ ქართული მხარე ოკუპირებული ტერიტორიიდან მისი მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების ამბავს ჩამოუტანს. ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრამდე ცდილობს, ქართულ მხარეს დრანდის ციხიდან მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს. დღეს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით მეუღლეს ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც დაუდასტურა, რომ ის სოხუმმა შეიწყალა.

მეუღლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ლალი ბასარია ამბობს იმასაც, რომ ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლები გიორგი ლუკავას სანაცვლოდ საქართველოში რამდენიმე წლის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ, მოგვიანებით კი გათავისუფლებულ მიკაელ კადიევს ითხოვენ.

ლალი ბასარიასგან მიღებული ინფორმაცია რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ არ დაადასტურა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა. კახა ქემოკლიძეს დღეს ენგურის ხიდზე არც ის უთქვამს, თუ როდისაა შესაძლებელი გიორგი ლუკავას დრანდის ციხიდან გათავისუფლება.

საპარლამენტო უმრავლესობაშიც აცხადებენ, რომ გიორგი ლუკავას გასათავისუფლებლად მუშაობა მიდის. ნაციონალურ მოძრაობაში კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქის დასახსნელად ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი ბერკეტები უკვე დაკარგა.

გიორგი ლუკავას საქმეზე მუშაობს ომბუდსმენის ინსტიტუტი, უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ სოხუმის წარმომადგენლებთან ლუკავას საკითხზე კონტაქტი შედგა.

ლალი ბასარია არ გამორიცხავს, კვლავ შიმშილობის აქცია დაიწყოს.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია  

დღის ამბები