17 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
"არა ჩადებას" - აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ამოკერილი ჯიბეებით გააპროტესტეს

პრეზიდენტის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ნაკოპოლიტიკის წინაღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდნენ. გიორგი მარგველაშვილის შვილი და სიძე სამართალდამცველებს მეგობრის, მიხეილ თათარიშვილისთვის ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ.

ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოლიცია მიხეილ თათარიშვილის გარდა, რამდენიმე თვეა მის სიძეს, მინდია გოგოჭურს და სხვა მეგობრებსაც დაკავებით ემუქრება. პრეზიდენტის ოჯახის წევრები რეპრესიებზე საუბრობენ. მათი გარემოცვის დაკავებას კი, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ.

შვილის დაკავებას პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უკავშირებს ბრალდებული მიხეილ თათარიშვილის მამაც. მისი განცხადებით, ოჯახს ინფორმაცია მოსალოდნელი დაკავების შესახებ რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა.

არა ჩადებას - ამ სახელწოდებით გამართულ აქციას დღეს გაზეთ ქრონიკა პლუს-ის რედაქტორიც შეუერთდა. ელისო კილაძე უკვე რამდენიმე დღეა სამართალდამცველებს მისი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს და საქმეში არსებულ გაყალბებულ მტკიცებულებებზე საუბრობს. 

ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორი სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი იყო.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ჯიბეები ამოიკერეს და ამ ფორმით, მათი განმარტებით, პოლიციელების მიერ ნარკოტიკების ჩადება გააპროტესტეს. ორგანიზატორები ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი აქციის გამართვას გეგმავენ.

დღის ამბები