17 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
11-12 მარტს დაკავებულები - ბათუმის სასამართლოს სხდომა და პოლიციელის სკანდალური განცხადება

იმ პირების მიმართ რომელთა გამოც, ბათუმი საპროტესტო ტალღამ მოიცვა, საქმის წარმოება შეწყდა. რამაზ ხიმშიაშვილთან ერთად, საქმის წარმოება ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არარსებობის გამო შეწყდა ჯიმი ვარშანიძის მიმართაც. ვარშანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობის გამო 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ბათუმში მომხდარი დაპირისპირება სწორედ ხიმშიაშვილისა და ვარშანიძის დაჯარიმების შემდეგ დაიწყო. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ისინი პოლიციასთან დაპირისპირებაში დამნაშავეები არ იყვნენ.

სკანდალური იყო განცხადება, რომელიც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა გია ხალვაშმა გააკეთა. მან თავისი მეწყვილე მეგი ხუნწარია არასწორი ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლიციელს სწორი ჩვენების მიცემა მისმა მეუღლემ სუს-ის თანამშრომელმა აუკრძალა.

მეგი ხუნწარია სასამართლოს წინაშე გუშინ წარსდგა. მან რამაზ ხიმშიაშვილის მხრიდან პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფა უარყო. მოგვიანებით კი სასამართლოზე განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტის მომსწრე არ გამხდარა.

რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ეჭვი იმის შესახებ, რომ დაპირისპირება ბათუმში მოხდა არა სპონტანურად, არამედ იყო პოლიციასა და სუს-ს შორის არსებული უთანხმოების გამო, დღეს პოლიციელი გია ხალვაშის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა.

სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მმართველი გუნდი სახელმწიფო უწყებებს შორის დაპირისპირებას გამორიცხავს. ხოლო სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ დაპირისპირებაში დარწმუნებულია საპარლამენტო ოპოზიცია. 

 

დღის ამბები