17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
„ნათელია, რომ მათი პოლიტიკური გზები საბოლოოდ გაიყარა,“ - ირაკლი აბესაძე "ქართული ოცნებისა" და პრეზიდენტის შესახებ

“ის, რომ ქართულ ოცნებასა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის პიროვნული დაპირისპირება მიმდინარეობს, ეს ახალი ნამდვილად არ არის," - ეს განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში, საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

მისი თქმით, იკვეთება ქვეყნისთვის საზიანო პროცესები. ირაკლი აბესაძე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზეც საუბრობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არ ესწრება.

აბესაძე უარყოფითად აფასებს, რომ, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს და მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, უშიშროების საბჭოს სხდომას არ ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე.

დღეს უშიშროების სხდომის პარალელურად, ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომას უძღვებოდა, თუმცა, აბესაძე  ამბობს, რომ დღეს იმის აუცილებლობა არ იყო, რომ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდეს პარლამენტის სხდომას.

„თუკი ის ჩათვლიდა, რომ ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დღეს არის მისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ის რა თქმა უნდა, დღეს შეძლებდა მონაწილეობა მიეღო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში,“ - განაცხადა აბესაძემ. 

ირაკლი აბესაძემ გუშინ, ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე, პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნების განხილვისას გამართულ მწვავე დებატებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების დეპუტაციის დიდმა ნაწილმა დაკარგა უკვე თვითკონტროლი.“

„მათ იკადრეს და ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ გააკეთეს განცხადებები, რომ თითქოს ის ქვეყნის უსაფრთხოებას ხელყოფს და ის არ არის მზად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი იყოს,“ - აღნიშნავს აბესაძე.

აბესაძის თქმით, პრეზიდენტი პიროვნულად არ მოსწონს ქართულ ოცნებას.

„ის ვინც არ მოსწონს ივანიშვილს, შეუძლებელია მოსწონდეს ქართულ ოცნებას. რაც შეეხება პოლიტიკურ მომენტს, მათ არ მოსწონთ პრეზიდენტი, რომელიც ახდენს ქართული ოცნების არასწორი პოლიტიკის ლუსტრაციას საზოგადოებაში," - აღნიშნა აბესაძემ.

დღის ამბები