17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
"ძალიან ხშირად ჩვენ ქელეხის გადახდის ფულსაც კი გვთხოვენ“ - ნინა ხატისკაცი პანთეონის თემაზე საუბრობს

თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში, პანთეონის საკითხთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ დიდუბის პანთეონის ტერიტორიის გაფართოება, ეკლესიის ეზოს ხარჯზე მიუღებელია, რადგან მისი თქმით, ეს მოსახლეობისთვის დიდ რისკს წარმოადგენს.

„300 მეტრზე უფრო ახლოს მოსახლეობასთან მისვლა არ შეიძლება, სასაფლაოების გაშენება არ შეიძლება და ეს გამოწვეულია სანიტარული ნორმების არსებობით და იმ საფრთხით, რომელიც გამოწვეულია სწორედ ადმიანის დამარხვით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი გადაადგილება ქალაქში, ახალი საფლავის გაჩენა, გარდა იმისა, რომ კანონი დაირღვეოდა, იქნებოდა რისკის წინაშე დაყენება ადამიანების. არა მხოლოდ კედლის მოშლაზე იყო საუბარი, გარკვეული ჯგუფებისგან იყო სკოლის დანგრევაზეც საუბარი,“ - განაცხადა ხატისკაცმა.

დედაქალაქის მერის მოადგილემ ასევე გადაცემის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ მათ ქელეხის გადახდისთვის თანხაზეც მიმართავენ.

„მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ მერიის თანხებზე, რომ ეს გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც გარდაიცვლებიან ღვაწლმოსილი ადამიანები და მერია რა თქმა უნდა, თავის პასუხისმგებლობის ფარგლებში საფლავზეც ზრუნავს, სხვა ღონისძიებებსაც ახორციელებს, მარგამ ძალიან ხშირად ჩვენ ქელეხის გადახდის ფულსაც კი გვთხოვენ,“ - განაცხადა ხატისკაცმა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე, ორივე, მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონიც დახურულია, არ განიხილება პანთეონში არც ერთი პირის განთავსების საკითხი.

„უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პანთეონი იქნება მხოლოდ საზოგადო მოღვაწეებისთვის და არა მათი ოჯახის წევრებისთვის,“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

საზოგადო მოღვაწეებმა რამდენიმე ხნის წინ პრემიერმინისტრსა და თბილისის მერს წერილით მიმართეს, რათა დიდუბის პანთეონის ტერიტორია გაფართოვდეს დიდუბის ეკლესიასა და პანთეონს შორის არსებული ღობის მოხსნის ხარჯზე.

წერილს ხელს აწერენ: ჯანსუღ ჩარკვიანი, მერაბ ბერძენიშვილი, კახი კავსაძე, რევაზ მიშველაძე, გივი ბერიკაშვილი, ომარ მხეიძე, ლეილა აბაშიძე, მაყვალა გონაშვილი, გოგი ქავთარაძე, ვაჟა აზარაშვილი, კახა ცაბაძე, გივი თოიძე და კიდევ სხვა ცნობილი ადამიანები.

დღის ამბები