17 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების აზრით, პრეზიდენტს კონფრონტაცია შესაძლოა სამომავლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდეს

გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ე.წ. ეშელონებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პრეზიდენტის ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კატეგორიულად უარყოფენ.  ისინი აცხადებენ, რომ დაპირისპირება გიორგი მარგველაშვილსა და პრეზიდენტს შორის, არ არსებობს.

„ის, რომ ქვეყანაში დღეს ისმის განსხვავებული ხმა, ის, რომ არსებობს ოპონირების რეჟიმი, როგორც პარლამენტის შიგნით, ისე პარლამენტის გარეთ, ეს არის ზუსტად იმ დემოკრატიის ხარისხისა და სტანდარტის დამსახურება, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. რაც შეეხება, დიალოგს ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტთან, ეს დიალოგი გრძელდება, თუნდაც განსხვავებული პოზიციების შემთხვევაში. მე ვერ ვხედავ არაბუნებრივს დემოკრატიისთვის, როდესაც განსხვავებულ პოზიციებზე დგას პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს კონფრონტაცია შესაძლოა სამომავლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდეს.

„ასეთ ეშელონებად დაყოფა აბსოლუტურად მიუღებელი და არაეთიკურია, იმიტომ, რომ ყველა დეპუტატის უკან დგას ამომრჩეველი და ეს ამომრჩეველი არის ის ძალაუფლება, რასაც ჰქვია ხალხი, ეს სახელმწიფო ხალხს ეკუთვნის, ასეთი მიდგომა ჩემთვის მიუღებელია. ეს ასე ვთქვათ, დაპირისპირების ფონი, ალბათ, ვიღაცას უფრო მეტად აწყობს პოლიტიკურად, თავად პრეზიდენტს, ალბათ. შეიძლება ეს მისთვის, ნებსით ან უნებლიეთ, ხდება ამ სურათის შექმნა, მაგრამ მე, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი, ამას ვერ ვხედავ, მეტიც, ვხედავ, რომ ამ დისკუსიაში, კამათში, თუნდაც ამ ურთიერთდაპირისპირებას არ დავარქმევ, განსხვავებულ აზრებში ვხედავ იმ ღირებულს, რაც არის დემოკრატიული პრინციპი. არ ვიცი ბატონი გიორგის მომავალი პოლიტიკური მიზნები, ვხედავ, რომ ის უფრო მეტად პოლიტიკური ქარის მიხედვით ცდილობს, პოზიციები წარმოაჩინოს, რა პოზიცია აქვს არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები