17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
ძალიან მძიმე შეხვედრა ექნება ნარმანიას საკრებულოში - ხათუნა სამნიძე საკრებულოში მერის ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დავით ნარმანიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის „ცდილობს, რომ ყველა მკაცრ შეკითხვას წარსულის გახსენებით უპასუხოს.“ 11 აპრილს თბილისის მერი საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება.

საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ თბილისის მერს ოპოზიციასთან საკმაოდ მძიმე შეხვედრა მოელის და ძალიან ბევრ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

„საკრებულოში არ ითვალისწინებენ იმას, რაც სჭირდება მოსახლეობას და ძალიან მძიმე შეხვედრა ექნება ნარმანიას საკრებულოში, რადგან ოპოზიცია არა ცალ-ცალკე ვემზადებით შეკითხვებისთვის, როგორც იცით, არის საკითხები, სადაც 5 ოპოზიცური ფრაქცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ვართ გაერთიანებული კონკრეტული საკითხების ირგვლივ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძემ კურიერის ეთერში აღნიშნა, რომ საკრებულოში რამდენჯერმე იმყოფებოდა კახი კალაძე და შეხვდა უმრავლესობას და საკრებულოს თავმჯდომარეს.  

„კვირაში ერთხელ მაინც საკრებულოს სტუმრობს კახი კალაძე, რომელსაც ახლავს როგორც წესი ან პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე, შეხვედრები აქვს უმრავლესობასთან. როგორც ჩანს ის ემზადება მერობის კანდიდატობისთვის და ალბათ ამეცადინებს მას საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობა, რომ ესეთი შეცდომები, როგორც ცოტა ხნის წინ დაუშვა ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთი იაღლიშები კიდევ რომ არ მოუვიდეს ალბათ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები