17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ პროცესის გადადება მოითხოვა, საგამოძიებო უწყებაში მოწმედ დაკითხულ პირთა რაოდენობა იზრდება

პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესი 5 აპრილს აღარ გაიმართოს და ერთი თვით გადაიდოს, მიზეზი კი დანიშნული ექსპერტიზისთვის დროის სიმცირეა.

ბრალდებულ დეკანოზის ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია და სასამართლო სხდომის გადადებას სწორედ ამიტომ ითხოვს. ვინაიდან წინასწარი 2 თვიანი პატიმრობის ვადა 10 აპრილს იწურება, დაცვის მხარე მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნის დაყენებას აპირებს.

ციანიდის საქმეზე კიდევ 4 სასულიერო პირი დაკითხეს, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი და პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსთან, სოსო ოხანაშვილთან დაპირისპირების გამო საპატრიარქო პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო უწყებაში ილია მეორის პირადი მოძღვარი, მამა დავით ჭინჭარაულიც იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მამა დავით ჭინჭარაული იყო, რომელმაც პატრიარქს გერმანიაში ყოფნის დროს ციანიდის სკანდალის შესახებ პირველმა უამბო. დაკითხვის მოლოდინშია სინოდის კიდევ 10 წევრი.

დეკანოზ მამალაძის ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რის საფუძველზეც სასულიერო პირს 2 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები სინოდის 16 წევრის სასამართლო პროცესზე დაკითხვასაც ითხოვენ. 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები