17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
დოკუმენტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო, თითქმის, 3 წელი არ ასაჯაროებდა

თბილისის აეროპორტზე საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის - იატას დასკვნას, რომელზეც 400 ათასი დოლარია დახარჯული, ეკონომიკის სამინისტრო თითქმის სამი წლის განმავლობაში არ ასაჯაროებდა.

დოკუმენტიდან ჩანს, რომ აეროდრომის ასაფრენი ბილიკიც და მთავარი ბაქანიც, საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებით, არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია.

ექსპერტებმა მთავრობას პრობლემის დასაძლევად რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. მათ შორის, აეროპორტის ოპერატორ ტავთან ხელშეკრულება განეახლებინათ ან ვადის გაგრძელებაზე უარი ეთქვათ. ასევე, ხელშეკრულების განახლება ვადის 6 წლით შემცირებით მომხდარიყო, ამ შემთხვევაში კი ტავი მხოლოდ ასაფრენ ბილიკს განაახლებდა. ექსპერტების შეთვაზების ბოლო ვარიანტში მთავრობას არბიტრაჟში უნდა ეჩივლა ტავისთვის და ხელშეკრულება გაეუქნებინა.

მთავრობამ პირველი ვარიანტი აირჩია, რაც არასამათავრობოთა და ექსპერტთა შეფასებით, ყველაზე წამგებიანი იყო.

არასამთავრობოები მთავრობასა და ტავს შორის გარიგების ნაწილად მიიჩნევენ იმასაც, რომ ხელშეკრულებაში ტავის კონკურენტი აეროპორტის აშენების შეზღუდვაც დარჩა და ტარიფების შემდგომი ზრდის გეგმაც.

ჰაბ-ჯორჯიას ექსპერტები მოუწოდებენ მთავრობას, კიდევ ერთხელ შეისწავლოთ თბილისის აეროპორტის მართვის ხელშეკრულება და დაიწყოს გამოძიება იმის თაობაზე, თუ რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფოსთვის წამგებიანი ვარიანტი ტავ-ჯორჯიასთან მოლაპარაკებისას.

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი 

დღის ამბები