19 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
უცვლელი მოთხოვნები - "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. აქცია  საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ დაიყო. დაზარალებული მოვაჭრეები ითხოვენ, რომ პირველადი კომპენსაცია ხელისუფლებამ 5 ათასი ლარის ოდენობით გამოუყოს. მათი მოთხოვნაა ასევე, რომ მიიღონ დაზარალებულის სტატუსი და შეუჩერდეთ საბანკო ვალდებულებები.

მოვაჭრეებმა 2 დღის წინ, საკრებულოს მიერ 3 ათას ლარიან შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ამ რაოდენობის კომპენსაცია მათ დანახარჯებთან შეუსაბამოა.

დაზარალებულები აპირებენ, რომ საქართველოში რაც კი საელჩო ფუნქციონირებს, ყველგან გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს. 

დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

„ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელშიც გაერთიანდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დაზარალებულები, იურისტები და დაახლოებით ორი კვირის ფარგლებში დაიდოს გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ზარალის აღნუსხვა და შემდეგ ამ ზარალის კომპენსირება,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აქციაზე იმყოფება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც, რომელმაც ხელისუფლების  მხრიდან დაზარალებულების უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.

„ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს გავაგებინებთ, თუ როგორ გადაწვა ხელისუფლებამ ბავშვთა სამყარო, როგორ დატოვა ეს ხალხი ქუჩაში და როგორ ზემოქმედებენ ამ ადამიანებზე, რომ ელემენტარულად მათ დახმარება არ მიიღონ, როგორ არღვევენ მათ გამოხატვის თავისუფლებას, როგორ დაუნგრიეს კარავი და მთელი ხელისუფლება ჩართულია ამ ადამიანების წინააღმდეგ,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

დღის ამბები