19 მაისი 2024,   04:15
ვრცლად
თანხის ჩასარიცხი აპარატის "ჩადება" - გორში დავით ბასილაშვილის ოჯახი სამართალდამცველების მხრიდან დევნაზე მიუთითებს

მამა-შვილი ზვიად და გვანცა ბასილაშვილები ამტკიცებენ, რომ პროკურატურამ მათ ოჯახის წევრს, 380 კილოიანი თანხის ჩასარიცხი აპარატის დაუხმარებლად მოპარვას აბრალებს. 

კრიმინალური შემთხვევა 2014 წლის 6 სექტემბერს ქალაქ გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, 24 წლის დავით ბასილაშვილმა მაღაზიის წინ დამონტაჟებული ჩასარიცხი აპარატი, მოპარვის მიზნით მოგლიჯა და დაახლოებით ათი მეტრით გადაადგილა.

ამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ერთადერთი პირდაპირი მოწმე მაღაზიის მეპატრონეა. გია ხუბულოვი შემთხვევის ადგილზე აპარატის მოგლეჯიდან დაახლოებით ერთ საათში მივიდა. მის მიერ გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები დაცვის მხარის მტკიცებით შეუსაბამო და ურთიერთგამომრიცხავია.

პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში დავით ბასილაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობდა და აცხადებდა, რომ იმ დღეს, როცა დანაშაული მოხდა ის სახლში იმყოფებოდა. ბრალდებულის ალიბი სასამართლო პროცესზე მისმა ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს.

არც გორის საქალაქომ და მოგვიანებით არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დავით ბასილაშვილის ალიბი არ გაიზიარა. საბოლოდ დავით ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი საქმეში არსებული ერთადერთი მოწმის ჩვენებას დაეფუძნა.

ამჟამად, დავით ბასილაშვილს ქურდობის მცდელობისთვის ოთხი წელი და სამი თვე აქვს შეფარდებული. მისი ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ მსჯავრდებული პროკურატურის მიერ განხორციელებული დევნის ობიექტია.

დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო ან დამაჯერებლად დაასაბუთებს, ავტომობილის გარეშე და სხვა ადამიანების დაუხმარებლად როგორ აპირებდა დავით ბასილაშვილი ისეთი ნივთის მოპარვას რომელიც 380 კილოს იწონიდა ან მის მიმართ გამამართლებელ ვერდიქტს გამოიტანს.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები