19 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
მზრუნველობამოკლებული ბავშვები - მათი შემოსავლის წყარო, ყოველდღიური საქმიანობა და ცხოვრების წესი

მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზუსტი  რაოდენობა საქართველოში არავინ იცის. ოფიციალური სტატისტიკა საერთოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები, რომელთა მიხედვითაც, 2 ათასზე მეტი ბავშვი ქუჩაში იზრდება.

მათ შემთხვევაში გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის აბსოლუტურად ყველა პუნქტი სრულად დარღვეულია - მათ არ აქვთ არც განათლების, არც ჯანდაცვის, არც საცხოვრისის უფლება. მათი ძირითადი ნაწილი, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოსთვის საერთოდ არც არსებობს, რადგან ისინი აღრიცხულები არ არიან.

ხშირად მზრუნველობამოკლებული ბავშვები სასაფლაოდან შეგროვებული ყვავილების გაყიდვით ირჩენენ თავს. ზოგიერთი მათგანი იაფად შეძენილ ხატებს ან ხელსახოცებს ყიდის. ზოგიც უბრალოდ მათხოვრობს.

როგორც წესი, ფული, რომელიც ზემოთხსენებული საქმიანობებიდან ბავშვებს უგროვდებათ, მათ არ ეკუთვნის. ისინი უფროსებთან არიან ანგარიშვალდებულნი, დარჩენილი თანხით კი საკვებსა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდულობენ. უსახლკარო ბავშვებში სააფთიაქო ნარკომანია ფართოდ არის გავრცელებული.

ზოგადად, მათი სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის წინაშე დგას, მაგრამ ამასთან ერთად, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საქმიანობის კრიმინალში გადაზრდის რისკ-ფაქტორი ძალიან მაღალია.

პოსტსკრიპტუმის ჟურნალისტები სიუჟეტზე მუშაობისას, კიდევ ერთ მოვლენას გადააწყდნენ -ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც მათ ქუჩაში ჩაწერეს, ე.წ. სატანისტურ სექტაშია გაერთიანებულა. როგორც თავად ამბობენ დროის დიდ ნაწილს სასაფლაოზე ატარებენ არა მარტო ყვავილების შესაგროვებლად, არამედ სხვადასხვა რიტუალის ჩასატარებლადაც.

ავტორი: ანანო ბაკურაძე.

 

დღის ამბები