17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
მიხეილ რამიშვილი აზრით, გამოძიება პროცესის გაჭიანურებას არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ცდილობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების მხარეს ამ დრომდე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია და კიდევ ჰყავს ადამიანები დასაკითხი. მისი აზრით, პროკურატურას ამ ქმედებებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა და წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების აუცილებლობა არ არსებობს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს გამოძიების დროის გაჭიანურების მიზნით არის ყველაფერი მოთხოვნილი,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

მისი თქმით, დღეს მოსამართლე გადაწყვეტს, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე.

„ამის შემდეგომ თუ დაკმაყოფილდება, 72 საათის ვადაში სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს განხილვა, თუ რამდენად მიზანშეწონილი არის წინასწარ პატიმრობაში ამის საფუძველზე დარჩეს მამა გიორგი,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილი.

ის აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ მამა გიორგი პატიმრობაში დარჩეს, არ არსებობს.

„სათანადო მტკიცებულებები რომ ყოფილიყო სრულყოფილი, შესაბამისად, მოგეხსენებათ, წინასასამართლო სხდომა დანიშნული არის 5 აპრილს 11 საათზე და მე მგონი თავისუფლად შეეძლო ბრალდების მხარეს ემოქმედა და სრული მტკიცებულებები წარედგინა იმ ბრალის დასამტკიცებლად, რაც მოხდებოდა შემდეგ საქმის არსებითი განხილვის დროს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

ის აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოითხოვს. მისი განცხადებით, დაცვის მხარე საპატრიარქოს იურისტის დახმარების გარეშე, შესაბამის არგუმენტებზე თავად იზრუნებს. 

„ნუ წუხდება ბატონი ედიშერი, მე თვითონ დავასაბუთებ, რატომ უდნა მოხდეს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება მამა გიორგის,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძის ბრალდება არცერთი ჩვენებით არ დასტურდება.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები