17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
პრეზიდენტის არჩევის წესი - ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას "არასერიოზულს" უწოდებს

საკონსტიტუციო რეფორმების განხილვა ამ დრომდე გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა უკვე დატოვა, თუმცა მანამდე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და ის მოსაზრებები გაასაჯაროვა, რომელიც მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით გააჩნია. 

მათ შორის საუბარია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებაზე.

სწორედ პრეზიდენტის არჩევის წესი იყო მთავარი საკითხი, რომელზეც ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს არასერიოზული უწოდა. კონკრეტულად კი იმ განცხადებას, სადაც ოპოზიცის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უნდა გაუქმდეს. როგორც, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, ის რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული, არამედ ის უნდა იყოს აკადემიური.

თავად პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების წევრები სიცრუეს ამბობენ. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო პრეზიდენტის არჩევის წესის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

„ეს კომენტარები არის წარმოუდგენელი. მსგავსი არაფერი არ თქმულა დღეს ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა საერთაშორისო გამჭვირვალობის ორგანიზებით. საუბარი იყო პრეზიდენტის პირდაპირი და არაპირდაპირი წესის უპირატესობებზე და ნაკლოვანებებზე. გაისმა სხვადასხვა არგუმენტი. რამდენიმე სპიკერი იყო, რომელმაც თავისი არგუმენტები წარმოადგინა და ამაზე იყო საუბარი, რაც შეეხება ოპოზიციის კომენტარებს, მსგავსი არაფერი არ თქმულა დღევანდელ ღონისძიებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაციაში პრეზიდენტის არჩევის პირდაპირ წესს ემხრობიან.

„გარდა იურიდიული არგუმენტებისა, აუცილებელია ასევე განვიხილოთ ქვეყნის კონტექსტი და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს უფრო მეტად დაბალანსებული სისტემა. ყველა საერთაშორისი ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ თითოეულმა ქვეყანამ იმის მიხედვით უნდა აარჩიოს პრეზიდენტის არჩევის სისტემა, რა სიტუაცია არის ქვეყანაში და რამდენად შეუწყობს ეს ხელს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“ - განაცხადა გიგაურმა.

 

დღის ამბები