17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა ადგილობრივი დამოუკიდებლობის ხარისხს უკან დაწევს - კოკა კიღურაძე

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კოკა კიღურაძე აცხადებს რომ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფასთან დაკავშირებით არა ერთი კონსულტაცია გამართულა წლების განმავლობაში ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

კოკა კიღურაძის აზრით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა ადგილობრივი დამოუკიდებლობის ხარისხს უკან დაწევს.

„ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი არ არის მხოლოდ დაკავშირებული მერების და გამგებლების პირდაპირ არჩევითობასთან. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ სოფელს ჰყავდეს საკუთარი ხელისუფლება და ბიუჯეტი, ხოლო ქალაქს საკუთარი ხელისუფლება და საკუთარი ბიუჯეტი,“ - განაცხადა კოკა კიღურაძემ.

მისი განმარტებით, ამგვარი მიდგომა სოფელსა და ქალაქს დამოუკიდებელი განვითარების საშუალებას აძლევს. ის აღნიშნავს, რომ თვითმმართველობების არსებობა ადგილობრივ მოსახლეობას მეტი ჩართულობის საშუალებას აძლევს, რაც პროცესებს უფრო დემოკრატიულს ხდის.

კოკა კიღურაძე მზაობას გამოთქვამს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს. მისი თქმით, ეს კონსულტაციები დაგვიანებული არ უნდა იყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები