17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
უნდა იყოს არა "ქართული ოცნების", არამედ საქართველოს კონსტიტუცია - მამუკა კაციტაძე

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე 15 არასაპარლამენტო პარტიის ქართულ ოცნებისადმი მიმართვას განმარტავს. მისი განცხადებით, არასაპარლამენტო პარტიები, პირველ რიგში, საქართველოში არსებულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემის პრობლემურობაზე საუბრობს. მამუკა კაციტაძის თქმით, ქვეყანაში, სადაც ერთპალატიანი პარლამენტია, მაჟორიტარულისა და პროპორციულის შერეული საარჩევნო სისტემა მიუღებელია.

ის განმარტავს, რომ მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგი არ არის, თუმცა საკონსტიტუციო კომისიაში არჩევნების ისეთი მოდელი განიხილება, რომლის მიხედვითაც კვლავ ხმების უმრავლესობის პარტია იქნება მოგებულ მდგომარეობაში.

„ვინც ვერ გადალახავს ბარიერს, მათ მიერ მიღებულ ხმებს მთლიანად წაიღებს პირველ ადგილზე გასული პარტია. თუ აქამდე 28-25 პროცენტს იპარავდა ხელისუფლება მაჟორიტარული ხელისუფლების წყალობით, ახლა ეს ყველაფერი უნდა მოიპაროს უკვე პროპორციული წესით, იმიტომ რომ რაც ვერ განაწილდება, ყველაფერი მიაქვს პირველ ადგილზე გასულს,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მან არჩევნებში ოპოზიციური პარტიებისთვის ბლოკებად გაერთიანების შესაძლო აკრძალვაზეც ისაუბრა.

ქართული ოცნება გვეუბნება, რომ იყოს პროპორციული, დაკარგულ ხმებს მთლიანად წავიღებ მე, ბარიერს არ დავწევ, ისევ 2-3-4 პარტია იქნება პარლამენტში და რაც მთავარია, ბლოკი არავინ არ უნდა შექმნათ, იმიტომ რომ ბლოკი რომ შექმნათ, ხომ შეიძლება, რომ მე გადამირჩიოთ, მე მუდმივად უნდა ვიყო,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიას პარტიებმა 15 აპრილამდე გადაწყვეტილების მიღება იმიტომ თხოვა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას საკუთარი შენიშვნების წარდგენის საშუალება ჰქონდეთ.

მამუკა კაციტაძის აზრით, კონსტიტუცია უნდა იყოს არა „ქართული ოცნების, არამედ საქართველოს კონსტიტუცია“, რომელშიც ცვლილებების შესატანად ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა და მმართველი გუნდის გარდა, სხვა ადამიანების აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები