17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
რუსი ოფიცრების ბრძანებებს დღეიდან ცხინვალელი სამხედროები ოფიციალურად შეასრულებენ

რუსი ოფიცრების ბრძანებებს დღეიდან ცხინვალელი სამხედროები ოფიციალურად შეასრულებენ. რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის თავდაცვის უწყების მიერ დღეს გაფორმებული ხელშეკრულება, რუსულ არმიაში პირველ ეტაპზე 150 ოსი სამხედროს ინტეგრირებას გულისხმობს.

მაშინ, როდესაც მოსკოვში არმიების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ, რუსეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიუღებელ ქვეყანაში ქართული არმიის მთავარსარდალს მასპინძლობდნენ. გიორგი მარგველაშვილი არმიების გაერთიანების საკითხს ვილნიუსიდან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლი ამ ნაბიჯით საერთაშორისო ვალდებულებებს უგულებელყოფს.

მოსკოვის ქმედება დაგმო რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მოწინააღმდეგემ - დალია გრიბაუსკატემაც. ლიტვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის იმის პირობაც მისცა, რომ რუსული ანექსიის საკითხს ნატოს სამიტზე დააყენებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, მხოლოდ ძირს უთხრის მშვიდობიანი და მოლაპარაკების გზით გადაჭრის მცდელობას.

"ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი კი საქართველოს ნაწილია, შესაბამისად, არასდროს ვაღიარებთ მას. არაერთხელ გამოვხატეთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და გავაგრძელებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერასაც. რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, მხოლოდ ძირს უთხრის მშვიდობიანი და მოლაპარაკების გზით გადაჭრის მცდელობას და იმ პროცესს, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს" - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.  

რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების იმედი აქვთ თბილისში. საგარეო უწყება პარტნიორ ქვეყნებთან მოსკოვის ქმედებების დასაგმობად ყოველდღიური მუშაობის რეჟიმში გადადის.

150 სამხედროს გარდა, რომლებსაც რუსული არმიის ნაწილებში გადაანაწილებენ, რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში სპეციალურ განათლებას ცხინვალიდან წასული რამდენიმე ათეული მოქალაქე იღებს. მოსკოვი ოკუპირებული რეგიონის არმიას ყოველწლიურად აწვდის დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალას.

დღის ამბები