17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი ამოქმედდა - არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელზე მუშაობენ

ე.წ. მოსმენების კანონი ამოქმედდა. დღეიდან სამი თვის გამავლობაში უნდა დაკომპლექტდეს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოც, რომელიც ფარულ მოსმენას განახორციელებს. ვინ უხელმძღვანელებს ახალ სამსახურს, ჯერჯერობით უცნობია, 3 კანდიდატი ამ პოსტისთვის სუს-ის ხელმძღვანელმა გიორგი გომელაურიმა უნდა შეარჩიოს, არჩევანს კი სპეციალური კომისია გააკეთებს და პრემიერმინისტრი დაამტკიცებს. სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაშია, რის გამოც ოპოზიცია კანონს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებით მოსმენებზე პასუხისმგებელი სააგენტო საგამოძიებო უწყებას არ უნდა ექვემდებარებოდეს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უსაფრთხების გამო ხელისუფლებას არჩევანი არ ჰქონდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მუშაობენ სარჩელზე, რომელიც უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, მესამე სექტორი ე.წ. ფარული მიყურადების კანონთან დაკავშირებით საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც შეიტანს.

ე.წ. მოსმენების კანონი ერთადერთია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო სამჯერ დაადო. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის სარჩელის მზადებაში არასამთავრობოებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელიც ჩაერთვება.

როდის დაიწყება სააგენტოს დაკომპლექტება და კანდიდატების დასახელება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

დღის ამბები