17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
ხეების მოგზაურობა გრძელდება - 300 წლოვანი ტიტას გადატანას დაპირისპირება და პრობლემები მოყვა

ხეების მოგზაურობა - რამდენიმე საათიანი ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი, 300 წლოვანი ხის გურიაში გადატანის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. მახინჯაურში, სადაც ტიტას გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ნაციონალური მოძრაობის წვერები იმყოფებოდნენ.

ოპოზიცია სამუშაოების მწარმოებელ კომპანია გზას შესაბამისი ნებართვის წარდგენას სთხოვდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

კომპანიის წარმომადგენლების გარდა, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და სამართალდამცველებს შორისაც მოხდა. სიტუაცია კი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა რაც, ერთერთმა ოპოზიციონერმა კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცა.

ოპოზიციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ხეების, მახინჯაურიდან გურიაში გადატანის პროცესმა სანაპირო ზოლი მნიშვნელოვნად დააზიანა. გაკაფეს ხეები, სანაპიროზე კი უკვე რამდენიმე კვირაა მძიმე ტექნიკა მუშაობს. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, კომპანია უსაფრთხოების წესებს არ იცავს და სამუშაოების შესასრულებლად არც შესაბამისი სამსახურების ნებართვები აქვს.

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ კომპანიის წარმომადგენლები.

ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანის გამო, დღეს მახინჯაურში რკინიგზის საბაჟო ტერმინალი რამდენიმე საათის განმავლობაში ინტერნეტის გარეშე იყო დარჩენილი. 300 წლოვანი ტიტას რკინიგზაზე გადატანის პროცესში ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალი დაზიანდა.

ნაციონალური მოძრაობა აქციის გამართვას მახინჯაურში ხვალაც გეგმავს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

 

 

დღის ამბები