17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
მოსამართლე ნაზღაიძის სკანდალური საქმე სასამართლოში გაგრძელდება

თბილისის საკრებულოს მიერ ზვიად ნაზღაიძისთვის მილიონიანი ქონების გადაცემას სასამართლო განიხილავს. რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ძმასთან დაკავშირებით სარჩელი საქალაქო ინსტანციამ წარმოებაში მიიღო. ოპოზიციურმა ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ქონების გადაცემის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. 

სარჩელის ხელმომწერი ოპოზიცური ფრაქციების წევრებს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვთ, თუმცა ამ საკითხზე სამართლებრივი კუთხით მსჯელობა, მათი აზრით, დარღვევების გამოვლენას შეუწყობს ხელს.

დარღვევების არსებობას უარყოფენ საკრებულოს უმრავლესობის წევრები. ფრაქცია ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის საკითხის ხშირად წამოწევა, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის ძმისთვის მიწის ნაკვეთისა და ნახევარ მილიონამდე ლარის გადაცემის დადგენილება საკრებულომ გასული წლის დეკემბერში მიიღო. საკრებულოს დეპუტატებმა ამ საკითხზე თბილისის მერი რამდენჯერმე დაიბარეს, თუმცა, დავით ნარმანია მათთან სასაუბროდ არ მისულა. მერის მისვლას დეპუტატები სასამართლოშიც მოითხოვენ. ნაზღაიძის საქმეზე მსჯელობა 15 მაისს დაიწყება.

დღის ამბები