17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
"თეთრი ხმაურის" განცხადებით, ისანი-სამგორის რაიონის ნომერ მეშვიდე განყოფილების სამართალდამცველები ფიზიკურად კიდევ ერთ მოქალაქეს გაუსწორდნენ

მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ისანი-სამგორის რაიონის ნომერ მეშვიდე განყოფილების სამართალდამცველებმა კიდევ ერთ მოქალაქეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც წიქარიშვილი ამბობს, განყოფილების გვერდით მდებარე მაღაზიიდან გამოსულ მოქალაქეს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი ინფორმაციით ამ შემთხვევას შეესწრო რამდენიმე მოქალაქე და დაკავებულის არასრულწლოვანი შვილიც. ამ დროისათვის დაკავებული მამაკაცი  წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. რა მუხლით არის დაკავებული მოქალაქე ჯერჯერობით უცნობია. 

“მას შემდეგ, რაც პაკელიანების ოჯახიდან ვბრუნდებოდით უკან ჩვენ დავინახეთ იგივე სამმართველოსთან შეკრებილი ოცდაათამდე მოქალაქე  და გამოკითხვის დროს შევიტყეთ, რომ 2 თვის სიცოცხლე დარჩენილი ადამიანი, რომელსაც სიმსივნე აქვს, სცემეს და საკუთარი შვილის თვალწინ ურტყეს გამეტებით. სამწუხაროდ ის პიროვნება ადგილზე აღარ იმყოფებოდა, გადაყვანილი ჰყავდათ კაპეზეზე და ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ სახალხო დამცველს“ - განაცხადა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებენ შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა 50 დღიანი წინასწარი პატიმრობა, რასაც დღეს გაასაჩივრებს ადვოკატი.

მისი მტკიცებით, ისანი-სამგორის პოლიციის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის 4 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დღის ამბები