17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ვენეციის კომისია საკონსტიტუციო კომისიაში განსახილველ კანონპროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში რეკომენდაციებს დადებს

საქართველოში მყოფი ვენეციის კომისიის წევრები ოპოზიციას და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო კომისიის არასახელისუფლებო წევრებისგან დეტალური ინფორმაცია და ნეგატიური შეფასებები მოისმინა პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.  

როგორც განხილვები აჩვენებს ხელისუფლება გეგმავს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმალური უფლებები დაუტოვოს. მთავარი პრობლემად ოპოზიცია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას ასახელებს, რასაც ქართული ოცნება 2023 წლიდან აპირებს.  

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისიის წევრების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

„უფლებამოსილებებზე ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია. როდესაც ჩვენგან მიიღეს დამატებითი განმარტება კონკრეტულად რა იცვლება, მოიხსნა კითხვები სრულად,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრების მონაწილეები ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტებს ამ თემაზე თბილისში ყოფნისას პოზიცია არ დაუფიქსირებია.

რეზიდენტის არჩევის წესის გარდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები უმნიშვნელოვანეს პრობლემად პარლამენტის არჩევასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მიიჩნევს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდება, თუმცა, როდის, ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

კამათი ასევე მიმდინარეობს ქვეყანაში გადასახადების გაზრდისთვის რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის ჩატარების გაუქმების მოთხოვნითაც უმრავლესობა გამოდის. ოპოზიცია ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზურაბ მელიქიშვილი, მთავრობას ეკონომიკის განვითარების შეფერხებაში ადანაშაულებს.

„არავინ არ იცის ამ მთავრობაში, ამ ხელისუფლებაში ვის, როდის, რა მოუნდება საით შეატრიალებენ მიმართულებას. აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირ ურტყამს ეკონომიკის განვითარებას,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ოპოზიცია და არასამათავრობოები ხელისუფლებას არ ეთანხმებიან, უკვე დეტალური ინფორმაცია აქვს ვენეციის კომისიას. ვენეციის კომისია საკუთარ რეკომენდაციებს ამ თემაზე რამდენიმე თვეში დადებს.

დღის ამბები