17 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებს 2 პირის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

ისანი-სამგორის პოლიციის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს შოთა პაკელიანის ახლობლები და ადვოკატები დაკავებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ადვოკატებმა ვიდეოჩანაწერიც გაავრცელეს, სადაც ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის მე-7 განყოფილების შენობის ერთ-ერთი ოთახიდან ყვირილის ხმა ისმის, რომელიც ადვოკატების მტკიცებით, დაკავებულ პაკელიანს ეკუთვნის. კადრებში ასევე ჩანს სასწრაფო დახმარების ჯგუფიც, რომელიც სამართალდამცველებმა გამოიძახეს.

შოთა პაკელიანის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პაკელიანი არ უარყოფს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა, თუმცა ადვოკატების თქმით, მან ის დაკავებამდე მოიხმარა.

პაკელიანის მამა აცხადებს, რომ მის შვილს განყოფილებაში ყოფნისას სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება არ მისცეს, რის გამოც, მისი მდგომარეობა დამძიმდა. მისი თქმით, მეშვიდე განყოფილებიდან პაკელიანი საავადმყოფოში დაგვიანებით გადაიყვანეს, ახალგაზრდა ოთხი დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პაკელიანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს. უწყების ინფორმაციით სამართალდამცველებმა 23 მარტს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პაკელიანის გადამოწმება გადაწყვიტეს, თუმცა ის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიიმალა, რა დროსაც წაიქცა და დაზიანებები მიიღო.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ასევე ისანი-სამგორის რაიონის მე-7 განყოფილებას უკავშირდება, გუშინ მოხდა. ინფორმაციას მოძრაობა თეთრი ხმაური ავრცელებს. მათი თქმით, სამართალდამცველები გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს გაუსწორდნენ, რომელიც ჭინჭარაულის ქუჩაზე მაღაზიიდან გამოვიდა და მოგვიანებით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ჭინჭარაულის ქუჩაზე დაკავებულის ანგარიშსწორებას სახალხო დამცველიც ადასტურებს.

ავტორები:შოთა კიკნაძე, გიგლა თუმანიშვილი, მარიამ შანშიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები