18 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
არ შეიძლება, უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე - პრეზიდენტი

"იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლები დაინგრევა და ერთიანი საქართველოს ლიდერი, კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება," - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია აქტიური მუშაობის დაწყება  ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად.  

„საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალ პროექტებში მეტი სახელმწიფოს ჩართვა, რაც საქართველოს უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტიაა. საგარეო პოლიტიკის მიზანია, უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები. დღეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიურად დაფიქსირება,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი არაღიარების პოლიტიკის შემთხვევაში, მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობით,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკის შექმნის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას ანექსიის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„არ შეიძლება დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ,” - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები