15 დეკემბერი 2024,   11:43
ვრცლად
ცხადია, რომ ხელისუფლება და ივანიშვილი პირადად იყვნენ დაინტერესებული "რუსთავი 2"-ის ჩახშობით-ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას სტრასბურგის სასამართლოს მიმართ რუსთავი 2-ის საქმეზე უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ოპოზიციაში.  ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან უარყოფითი გავლენას ახდენს ქვეყნის აღქმაზე ჩვენს პარტნიორებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„ცხადი ხდება კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი, პირადად იყო დაინტერესებული რუსთავი 2-ის ჩახშობით,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ამ საკითხზე ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს პოლიტიკური პროცესია.

„ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მსგავს საქმეზე სტრასბურგმა გამოიტანა პირველად.  თუ ამაში პარლამენტის თავმჯდომარე ხედავს პოლიტიკურ გავლენად, მაშინ მე ამას ძალიან დიდ კომპლიმენტად მივიღებდი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს არსებობის რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, მსგავსი გავლენა ვერავინ ვერ მოახდინა. ფაქტი ის არის, რომ ეს პოლიტიკური გავლენა კი არ არის, ეს უბრალოდ დაფიქსირებაა არის იმ მარტივი მოვლენისა, რომ დღეს საქართველოში მართლმსაჯულება უბრალოდ არ არსებობს,“-ამბობს ზაზა ბიბილაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლაში ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს, პრეზიდენტს და არასამთავრობო სექტორს ადანაშაულებს.

„როდესაც გარკვეული ინსტიტუტები ეუბნებიან საერთაშორისო ინსტიტუციას, რომ ჩვენ გვგონია რომ ეს გადაწყვეტილება არის სწორი, ეს ერთვის საქმის მასალებს და ხდება დავის საგანი, ამითი ცდილობენ სასამართლოს რეკომენდაცია გაუწიონ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებაში. სასამართლო სტრასბურგი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, შინაგანი რწმენის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და შინაგანი რწმენა ადამიანს უყალიბდება ძალიან ბევრი ფაქტორის, მათ შორის ირიბი ფაქტორების გავლენით, რომელიც შეიძლება პირდაპირ მტკიცებულებას არ წარმოადგენდეს,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

დღის ამბები