17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
"19 წლის ბიჭი მყავს, შემეშინდა, ჩავთვალე ჯობდა გადამეგდო ეს ფირი"- ხარშილაძის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის ავტორი

ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში, გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის დაკავების საქმეზე, თვითმხილველი იკითხება.

შორენა ლალიაშვილი  ის პირია, რომელმაც დავით ხარშილაძის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გადაიღო. ლალიაშვილის  განცხადებით, ის გეგმავს პროკურატურას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, რომელიც დავით ხარშილაძის დაკავებას ეხება.

საქმის მოწმე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას ვიდეომასალა გუშინ გადასცა. კითხვაზე რატომ არ წარადგინა ჩანაწერი აქამდე პროკურატურაში, ლალიაშვილი ამბობს, რომ მას ფირის გასაჯაროების ეშინოდა.

მისივე ინფორმაციით 6 აპრილს მის სახლში სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ჩხრეკა ელისო კილაძის მიმართვის საფუძველზე ჩაატარეს, თუმცა იმის გამო, რომ მას ფირი გადაგდებული ჰქონდა, ვიდეომასალის ამოღება ვერ მოხერხდა.

„ეს ფირები არ იყო ადრე აღმოჩენილი, მე თვითონ 19 წლის ბიჭი მყავს, შემეშინდა, ვიცოდი რაც მოჰყვებოდა და ჩავთვალე, რომ ჯობდა გადამეგდო ეს ფირი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა დავხმარებოდი ელისო კილაძეს და მის შვილს. ჩატარდა ჩხრეკა, ვერ ამოიღეს ფირი იმიტომ, რომ არ იყო, ამ არეულობის დროს რომ დავიწყე დალაგება არ ყოფილა გადაგდებული. ვიპოვე ნაგვის ურნასთან.

მე ვერ ვიცხოვრებდი იმითი, რომ უდანაშაულო დათოსთვის მიესაჯათ ამდენი წლები,“-განაცხადა შორენა ლალიაშვილმა.

შორენა ლალიაშვილი საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები