17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
უმრავლესობა ოპოზიციის შესაძლო ბოიკოტირების საკითხს კრიტიკულად აფასებს

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესზე, მის უფლება-მოვალეობებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მსჯელობენ. სწორედ ამ თემებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კომისიის მუშაობის შესაძლო ბოიკოტირებას.

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, ბოიკოტის რეჟიმს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ბლოკები მისთვის მიუღებელია.

„ჩვენ ისეთ კონცეფციას წარმოვადგენთ, რომელიც ქვეყნისთვის არის შესაბამისი და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე და არა მმართველ გუნდს რა უნდა ან ოპოზიციას რა უნდა. ასე, რომ ბოიკოტის რეჟიმი ყოველთვის დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, აცხადებს, რომ ბოიკოტის გამოცხადება თავად პოლიტიკური პარტიებისთვის არის ცუდი.

„ბოიკოტით არა მგონია ვინმემ რამე მოიგო საერთოდ, როდესაც ეს პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს და პროცესებს ბოიკოტს უცხადებ შენ თვითონ რჩები პროცესების მიღმა, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ოპოზიციას ულტიმატუმებით საუბარს უწუნებს.

„საკონსტიტუციო კომისიასთან და მმართველ გუნდთან ამ შემთხვევაში ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი, იმიტომ, რომ კომისიაში ყველა მათგანი კარგად ხედავს, რომ მიდის საგნობრივი მსჯელობა ყველა დეტალთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები