12 დეკემბერი 2024,   17:59
ვრცლად
"ენმ"-ის შემდეგ საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დატოვონ 

პროტესტის ნიშნად ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა.

როგორც პარტიაში განმარტავენ, მიზეზი ის ცვლილებებია, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში მმართველ გუნდს შეაქვს და რომელიც მათი თქმით, კონსტიტუციას არადემოკრატიულს ხდის.

„კომისია დავტოვეთ იმის გამო, რომ არ მივცეთ უფლება ამ ხელისუფლებას მიიღოს ისეთი არადემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც ხელს შეუშლის სამომავლოდ ქვეყნის განვითარებას. უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, მრავალი ფუნქცია პრეზიდენტისა ასევე არის შეკვეცილი და გაუქმებული. ისევე როგორც საარჩევნო პროცესი წარიმართება არადემოკრატიულად და იგი მორგებულია მმართველი ხელისუფლების ინტერესებზე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს ევროპული საქართველო. მათი განცხადებით, გადაწყვეტილებას ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ მიიღებენ.  

„პოლიტიკური პარტია რჩება ამ ეტაპზე იმისთვის, რომ არ დავუშვათ გაუარესება იმ პუნქტებისა, სადაც შესაძლებელია კიდევ კომპრომისის მონახვა,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას ამ ეტაპზე არც თავისუფალი დემოკრატები აპირებენ, თუმცა არც გამორიცხავენ.

პარტიის ლიდერთა განცხადებით, მუშაობის გაგრძელებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მმართველი პოლიტიკური ძალა, კომისიაში შემავალი სუბიექტების მოსაზრებებს გაიზიარებს.  

დღის ამბები