საკონსტიტუციო კომისიაში მყოფი ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ შესაძლებელია მოხდეს მოლაპარაკება უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ისეთ რეფორმებზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემა და მანდატების გადანაწილება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ თემებთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ მოხდეს შეთანხმების მიღწევა.
იმ შემთხვევაში თუ საბოლოო რედაქციაში არ მოხვდება ყველა ის პრინციპული მუხლი, რომელიც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ისინი კენჭისყრაში მონაწილებას არ მიიღებენ. ეს კი, მათი აზრით, იქნება ერთგვარი ბოიკოტი.
ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ტუღუში, ამ ეტაპზე კომისიის დატოვებას არ გეგმავს.
„ჩვენთვის აქ არის 2 მთავარი მომენტი, თუ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ვიცოდეთ, როდიდან ხდება ეს, რა წესით განაწილდება მანდატები. ასევე, თუ გადადიან პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე, როდიდან უნდა ამოქმედდეს ეს წესი... ამ ეტაპზე, დღეს ჩვენ რომ დავტოვოთ კომისიის სხდომები და აღარ მივიღოთ მონაწილეობა, ვთვლი, რომ იქნება ძალიან ზერელე დამოკიდებულება,“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.