19 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
"მახინჯი სახე ოკუპაციის, რომელიც ადამიანების ინტერესებს არად აგდებს" - ციხელაშვილი ქართველების გატაცებაზე

საქართველოს 3 მოქალაქის სავარაუდო გატაცების შესახებ განმარტებას აკეთებს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ინფორმაციის გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ვამოწმებთ ამ ინფორმაციას, კერძოდ სოფელ არჩევის მაცხოვრებლებზეა საუბარი, რომლებიც სავარაუდოდ, სწორედ სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ზუსტად ეს გახლავთ ის მახინჯი სახე ოკუპაციის, რომელიც ადამიანების ინტერესებს არად აგდებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დღესვე და ამ მომენტში ჩართული გვაქვს ცხელი ხაზი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რაც შეიძლება სწრაფად იქნენ გათავისუფლებული,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, გორის რაიონში, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოზე რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, 3 ახალგაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ არჩევის სასაფლაოზე შესვლას ფარულად ცდილობდა. ამ დროისთვის გატაცების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ავტორი: ქეთა ციცქიშვილი. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები