15 დეკემბერი 2024,   09:35
ვრცლად
სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსება - 6 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე საქართველოს ექვსი მოქალაქე  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდათ კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს,  ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად კი, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

დღის ამბები