12 დეკემბერი 2024,   04:50
ვრცლად
პლებისციტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - "ევროპული საქართველოს" საგანგებო განცხადება

ევროპული საქართველო ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე, პრეზიდენტის არჩევის წესთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს. განცხადება პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ბაქრაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას.

ბაქრაძე ამბობს, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გამოკითხვის ჩატარება, დაპირისპირების რისკს შეამცირებს.

მისივე თქმით, შემუშავებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება პოლიტიკური სპექტრის სრული შემადგენლობა, პრეზიდენტი და ასევე არასამთავრობო სექტორი.

„ამ სიტუაციაში აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა  ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა საქართველოში ხელისუფლების მთავარ წყაროს ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს ინიციატივაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემაზე და საპარლამენტო არჩევნების თემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს. სურს თუ არა მას ჰქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა რომ ჰყავდეს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება პლებისციტს არ ჩაატარებს, ევროპული საქართველო პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას.

 „თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი ჰკითხოს ქართველ ხალხს, ევროპული საქართველო აცხადებს მზადყოფნას დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და პრეზიდენტთან, ხელმოწერების შეგროვების მიზნით. რა თქმა უნდა, პლებისციტის შემთხვევაში, ამ ხელმოწერებს არ ექნება იურიდიული ძალა, მაგრამ ეს იქნება მკაფიო პოლიტიკური განაცხადი იმის თუ რა სურს და რას ელოდება ქართველი ხალხი,“ - აცხადებს ბაქრაძე. 

 

დღის ამბები