15 დეკემბერი 2024,   22:02
ვრცლად
კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები საჭიროებს გადამუშავებას - არასამთავრობოების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. სამოქალაქო სექტორი ცვლილებებს მუხლობრივად განიხილავენ და შეფასებას აქვეყნებენ.

განცხადებაში რომელსაც ხელს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აწერენ, ნათქვამია, რომ ცვლილებათა პაკეტში რამდენიმე არასამართლიანი წესი რჩება.

კერძოდ საუბარია მანდატების განაწილების წესზე, რომლის მიხედვითაც გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის მინიჭება ხდება.

სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც შეიძლება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა 10%-ს ან მეტს შეადგენდეს, ამ მანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მინიჭება არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას.

ასევე საუბარია ბლოკების გაუქმებაზე - მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, რის არგუმენტადაც მოყვანილია პარტიების განვითარების და გაძლიერების აუცილებლობა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს  რადიკალურ ზომას და არ არის გამართლებული ლეგიტიმური ინტერესით. მათივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით უარყოფითია იმ პირობებში თუ 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება.

საუბარია ასევე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებაზე. არასამთავრობოთა აზრით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება არ წარმოადგენს საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე აუცილებლობას.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით, მთელი რიგი უკან გადადგმული ნაბიჯებია ადამიანის უფლებათა სფეროში. მაგალითად, შეფასებაში მოყვანილია კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა. სამოქალაქო სექტორის წევრები ამბობენ, რომ ინიციატივა შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ პოპულისტური დატვირთვის მატარებლად, რომელიც ამ თემის ხელოვნურად გააქტიურებით პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს მიზნად.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაც. არასამთავრობოთა განცხადებით, ამ ეტაპზე მოცემული უფლებამოსილების საბჭოსთვის გადაცემა სასამართლო კორპუსის დაკომპლექტებაზე სრულ ძალაუფლებას მიანიჭებს ამ ორგანოს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და სისტემის გათავისუფლებას ძლიერი ჯგუფების გავლენებისაგან.

საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები საჭიროებს გადამუშავებას და სამომავლო დახვეწას.

მათვე თქმით, ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე სამოქალაქო სექტორი ალტერნატიულ წინადადებებს დააყენებს.

დღის ამბები