საკონსტიტუციო კომისიამ სამთვიანი მუშაობა დაასრულა. კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი კონსესუსის გარეშე მიღებულია და ახლა უკვე ვენეციის კომისიისა და საერთო სახალხო განხილვის ჯერია.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის წესის თაობაზე ისინი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას გეგმავენ. ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის შემადგენლობის არჩევის ახალი წესი კვლავ უსამართლო იქნება.
„ეს აგრძელებს იმ უსამართლო სისტემას და იმ უსამართლო შედეგს, როდესაც ამომრჩევლის ნების მიუხედავად, სახელისუფლებო პარტიას აქვს ხელოვნური უპირატესობა დააკომპლექტოს უმრავლესობა პარლამენტში და შექმნას ხელისუფლება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნინო კალანდაძე იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, კერძოდ კი პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესის მიმართ კრიტიკული იქნება.
„ეს კონსტიტუციური ცვლილებები უზრუნველყოფს ძალაუფლების უზურპაციას და ძალაუფლების კონცენტრაციას ერთ ხელში ისე, რომ პრაქტიკულად, ხალხმა ვეღარ შეძლოს მთავარი სამი პირის არჩევა, რომელიც უნდა მართავდეს ხელისუფლებას,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.