მიმდინარე კვირას პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შევა, დოკუმენტს კი საბოლოოდ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ. უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ვარიანტს ოპოზიცია კვლავ ხელისუფლებაზე მორგებულს უწოდებს.
„ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს არის პირდაპირი მცდელობა კვლავ ხელოვნურად, ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე შეინარჩუნონ ხელისუფლება და მიიღონ ისეთივე უსამართლო შედეგი, როგორიც ეს დადგა 2016 წლის არჩევნების შემდგომ. ამიტომ, ვენეციის კომისია თუ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა ამ პროცესებში იქნება ჩვენი ბერკეტები, რითაც ვეცდებით, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება კონსტიტუციით დაამკვიდროს სამართლიანი საარჩევნო სისტემა,“-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ.
ოპოზიციის აზრით, აუცილებელია უზრუნველყონ ვენეციის კომისიის უფრო აქტიურად ჩართულობა, რაც ერთ-ერთი ბერკეტია შეეწინააღმდეგონ მმართველ გუნდს და აიძულონ მიიღონ გამართული კონსტიტუცია და სამართლიანი საარჩევნო სისტემა.
„სახალხო განხილვა ნიშნავს იმას, რომ მთელი საზოგადოება უნდა დაირაზმოს ამ ყოვლად უვარგისი დოკუმენტის არ გასატანად. ეს არის ცუდი კონსტიტუცია, აქ მთლიანად გამოშიგნულია პრეზიდენტის ინსტიტუტი, ხალხს წართმეული აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლება, აქ გამარჯვებულს მიაქვს ოპოზიციისთვის მიცემული ხმები,“ - აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა.
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის დღეს სპეციალურ განცხადებასაც გააკეთებს და ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
„აუცილებელია ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია, ერთიანობის შექმნა, იმისთვის, რომ დაცული იქნას სახელმწიფო ინსტიტუციური წესრიგი,“ - ამბობს ნიკა მაჭუტაძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სადაო საკითხებზე საყოველთაო სახალხო განხილვის დროსაც იმსჯელებენ და ხალხის აზრს მაქსიმალურად გაითავალისწინებენ.