26 აპრილი 2024,   15:45
ვრცლად
მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბათუმის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელს და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ აქტივისტს გამოძიება დანაშაულის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. დაკავებულებს ბრალი გუშინ წაუყენეს.

მერაბ ღოღობერიძე პროტესტის ნიშნად, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ მას ადვოკატი ზაზა პაპიძე აღარ დაიცავს. ის პაატა შავაძემ ჩაანაცვლა.

ახალი ადვოკატი დღეს სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს. წაყენებულ ბრალს უარყოფს ირაკლი ჩხვირკიას და მომხდარს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხირკვია ბათუმში ორი დღის წინ დააკავეს. მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა ან მათზე თავდასხმა.

დღის ამბები