18 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
საკონსტიტუციო რეფორმა - ქართველი კანონმდებლები ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდებიან

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ განსხვავებულ პოზიციებს გააცნობენ დღეს ვენეციის კომისიას ქართველი კანონმდებლები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეხვედრა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ცოტა ხანში დაიწყება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნას და რეკომენდაციას გაითვალისწინებს.

„ეს იქნება კარგი იმისთვის, რომ პროცესი იყოს გახსნილი და ვენეციის კომისასთან მუდმივი თანამშრომლობა შენარჩუნდეს გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე. ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რეკომენდაციები ფუნდამენტურ, სამართლებრივ, პრინციპულ საკითხებზე იქნება ჩვენის გუნდისთვის საყურადღებო, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატები საგაზაფხულო სესიის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებსაც მართავენ. ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ხვდება. ჩუგოშვილის თქმით, ტორბიონ იაგლანდთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა კონსტიტუციის პროექტია.

სტრასბურგში იმყოფებიან ევროპული საქართველოს წევრებიც, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს დღესვე გააცნობენ ვენეციის კომისიის წევრებს. შეხვედრა კომისიის თავმჯდომარესთან ადგილობრივი დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.

„ეს ვარიანტი, რაც დღეს არის დღის წესრიგში, არის მიღებული ერთი პარტიის მიერ, ისე რომ ამ ვარიანტს ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის საზიანოდ, უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს უკლებლივ ყველა პარტია, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ ეს არის ბედნიერების მომტანი საქართველოსთვის,“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

დღის ამბები