27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
"შიდა ვაჭრობა სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე" - არასამთავრობოები მმართველ გუნდს აკრიტიკებენ

სამოქალაქო სექტორი საქართველოს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა დაიწყო ხელახალი მსჯელობა საკითხებზე, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში უკვე შეთანხმებულია.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ უკვე შეთანხმებულ საკითხებზე, მათ შორის, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ვადებზე მსჯელობის დაწყება საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა იქნება.

„მიუღებელია ხელახლა დისკუსიის დაწყება მაჟორიტარულ სისტემაზე, ხელახლა დისკუსიის დაწყება იმაზე, რომ 2018 წელს უნდა იყოს თუ 2023 წელს შეცვლილი წესით პრეზიდენტის არჩევა. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ საერთოდ საკონსტიტუციო კომისია კარგავს თავის აზრს. იმიტომ, რომ ეს არის ის საკითხები, რაზეც პრინციპული მოსაზრებები იყო გამოთქმული. თუ მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდა ან დამატებით ამაზე დისკუსიები წამოიწყეს მმართველ პარტიაში, ეს იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის რეალურად თვალში ნაცრის შეყრა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი კი ყურადღებას მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ამახვილებს. ალაფიშვილის თქმით, მიმდინარეობს შიდა ვაჭრობა სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე.

„იწყება ის პროცესი, რაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ყველაზე არასასურველია. კერძოდ შიდა დაპირისპირება, შიდა ვაჭრობა და ეს ყველაფერი სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. ყველა ერთად მივიღებთ რაღაც დოკუმენტს, რომელიც წესით უნდა ატარებდეს სახელს საქართველოს კონსტიტუცია მაგრამ საფრთხე იმისა, რომ მას დაერქვას ქართული ოცნების კონსტიტუცია თუ ასე განვითარდა მოვლენები, ძალიან დიდია,“-აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

სამოქალაქო სექტორი კვლავ აგრძელებს მუშაობას საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შეფასებით დოკუმენტზე, რომელიც მომავალ კვირას გადაეგზავნება ვენეციის კომისიას.

როგორც ცნობილია, შესაძლოა პრეზიდენტი 300-მა ხმოსანმა არა 2023, არამედ 2018 წელს აირჩიოს.

დღის ამბები