19 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
ყალბი პასპორტები ევროპაში გასამგზავრებლად - დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელმაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, რომელიც პირადად და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

უწყების ცნობით, თანხის გადახდის შემდგომ, დანაშაულებრივი დაჯგუფის წევრები აღნიშნულ პირებს სხვა სახელითა და გვარით ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ, შემდეგ ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და სხვადასხვა საპასპორტო მონაცემით შეუძენდნენ ავიაბილეთებს, ერთდროულად, როგორც თურქეთის, ასევე, ევროპის რომელიმე ქვეყნის მიმართულებით.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საქართველოში ჩამოსულ პირებს ყალბ პასპორტებს აეროპორტში მისვლამდე გადასცემდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ასევე გამოავლინა თბილისში მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ზემოხსენებული დანაშულებრივი სქემით უნდა ესარგებლათ.

 

დღის ამბები