19 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა და ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე, - ამ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.   

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები. ასევე, ქართული მხარე ინფორმაციას მიაწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას.

„საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე. ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას ისევე, როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე. ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. მათი დამკვირვებლები უკვე იმყოფებიან ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე," - აცხადებენ სუს-ში.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწიეს. რუსეთის სამხედროებმა სიმინდის ყანებს ხის ბოძები უკვე შემოავლეს, რის შედეგადაც დამატებით 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. ადგილობრივი მცხოვრებლები, არველოდი ნაჭყებია და ომარ მიქაუტაძე, ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ამუშავებდნენ ამ ნაკვეთებს. ნაჭყებიას თქმით, 1978 წლიდან ფლობდა აღნიშნულ მიწას და იცოდა, რომ ეს იყო არა ნაბაკევის, არამედ ხურჩის ტერიტორიაზე არსებული მიწა.

დღის ამბები