02 მაისი 2024,   21:19
ვრცლად
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა ამ წუთებში ახალციხეში მიმდინარეობს.

შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

დღევანდელ განხილვას არ ესწრება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა სრულად იქნება წარმოდგენილი ის ოპოზიციური სპექტრი, რომლეიც განხილვებში მონაწილეობს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთარ კახიძე, დღეს კიდევ ერთხელ საუბრობს იმ ხარვეზებზე, რომელიც საარჩევნო სისტემას და პრეზიდენტის  არჩევის წესს ეხება.

ევროპული საქართველო დღევანდელ შეხვედრაზე პლებისციტის ჩატარების მოთხოვნას კიდევ ერთხელ დააყენებს.

ქართული ოცნება გვთავაზობს, რომ პირველ ადგილზე გასულმა წაიღოს ყველა გაუნაწილებელი მანდატი, რაც არის, რა თქმა უნდა, უსამართლო სისტემა. ეს არის მუსოლინის შემოთავაზებული ვარიანტი, რასაც, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებთ. აგრეთვე, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვა და პირდაპირი არჩევნების გაუქმება, ესაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის ის, რომ ხალხს ჰკითხონ,“ -განაცხადა ოთარ კახიძემ.

მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით აქვს კითხვა მმართველ გუნდსა და მოსახლეობასთან დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრს, გუბაზ სანიკიძეს.

„შეკითხვა მექნება არა ხელისუფლების, არამედ დამსწრე საზოგადოების მიმართ, რას უპირებთ მიწის საკითხს. ვყიდით მიწას თუ არ ვყიდით მიწას. ეს არის გადამწყვეტი, თორემ კონსტიტუცია როგორი იქნებამ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მიწა და წყალი დარჩება ქართველ ხალხს თუ არ დარჩება, ეს არის ჩემთვის მთავარი,“ - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ყურადღებას განხილვების მნიშვნელობაზე ამახვილებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ განხილვებს მოსახლეების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ესწრება. კახიანის თქმით, გასულ წლებში კონსტიტუციის განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ასეთი მაღალი ხარისხი არ არსებობდა.

საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაა ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელთან დაკავშირებითაც მოსახლეობას შეკითხვები აქვს. 

დღის ამბები