25 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
ეს იყო ნეპოტიზმი - ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძის კომპანიისა და მერიის ურთიერთობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმებმა ლაშა თორდიას წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.

მან ამის შესახებ განსხვავებულ აქცენტებში ინტერვიუს დროს განაცხადა. ლაშა თორდიამ გუშინ ღამის კლუბ ელ ცენტროში მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა. ის მომხდარში ოთარ ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირებს ადანაშაულებს.

„შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ აგრესიულად მომმართა, თუ რატომ ვაგროვებდი მის წინააღმდეგ კომპრომატებს, რას ვაპირებდი ვადის გასვლის შემდეგ, როგორ ვაპირებდი ცხოვრებას, რაზეც მივუგე, რომ ეს მისი საქმე არ იყო და საერთოდ რატომ მელაპარაკებოდა ამ ტონალობით და ფორმით, რაზეც მისი თანმხლები პირი ძალიან აღელდა და უფრო მეტი აგრესიულობით მომმართა, როგორ ვუბედავდი საუბარს. ერთ-ერთმა მესამემ პირმა, მგონი, მარჯვენა მხრიდან დამარტყა პირველმა, ეს გადაიზარდა მასიურ ჩხუბში, ეს 5-6 ადამიანი მირტყამდა ყველა მხრიდან,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდიას თქმით, მასზე თავდასხმა მოხდა ელ ცენტროს შენობის შესასვლელის მიმდებარე ადგილას. მისი განცხადებით, ადგილზე ბევრი თვითმხილველი იყო.

ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს. აუდიტის სამსახური მუშაობს ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილი სამშენებლო კომპანიისთვის თბილისის მერიიდან მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით და ფარცხალაძისთვის აუქციონის გზით მიწის გადაცემაზე, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის სპეციალური პირობების შექმნაზე.

ლაშა თორდიამ მერიისა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობაზე ისაუბრა. თორდიას თქმით, ამ ეტაზე ეს იყო ნეპოტიზმი და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ისმევა.

„ეს დასკვნა გახდება საჯარო. შეუძლებელია, ამ დასკვნაში რაიმე მნიშვნელოვანი შეიცვალოს. ამ ფირმას, რომლის მფლობელია ფარცხალაძე, რბილად რომ ვთქვათ, კარგი პირობები აქვს, რომელიც სხვა კომპანიებს არ გააჩნიათ,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდია ამ დრომდე სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ. მისი აზრით, მის თავდასხმაზე დაწყებული გამოძიების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.

„ალბათ, მომავალში კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს. ეს არის წმინდა სამსახურებრივი სამუშაოსთან დაკავშირებული პრეცენდენტი,“ - განაცხადა თორდიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები