26 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
"თუ დაწვეს, კეთილი ინებონ აგვინაზღაურონ,“ - "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს გიორგი ვაშაძე შეხვდა 

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები კვლავ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. დაზარალებულთა ნაწილის პრობლემები დღეს ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ მოისმინა.

შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს. დაზარალებულები აცხადებენ, რომ გამოძიება მათთვის უცნობი მიზეზების გამო დროში იწელება და ხელისუფლებისგან ამ ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ.

„რატომ წვავდნენ? ეთქვათ და გამოვიდოდით. ახლა, თუ დაწვეს, კეთილი ინებონ, აგვინაზღაურონ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნარგიზა მდივნიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების სადამფუძნებლო საბჭოს წევრი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ დაზარალებულები სახელმწიფოსგან ითხოვენ, დროულად გამოვლინდეს გამოძიების შედეგები და ბრალი წაუყენოს პასუხისმგებელ სუბიექტს. მარიკა არევაძე აცხადებს, რომ მათი ვარაუდით, პასუხისმგებელი სუბიექტი არის სააქციო საზოგადოება სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო.

ამ თემაზე განცხადება გააკეთა სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

„არ გვეგონოს, რომ ეს მარტო მათი პრობლემაა. ეს არის რეალური ეკონომიკა, ესენი არიან მეწარმეები, რომლებიც ქმნიდნენ სამუშაო ადგილებს, იხდიდნენ გადასახადებს. ეს არის ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც აქტიურად, თვითონ მუშაობს და შემოსავალს ქმნის თავისი ოჯახებისთვის და სხვა ოჯახებისთვის. ამიტომ, მათი ესე უყურადღებოდ მიგდება არ შეიძლება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები