17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი უნდა გადადგეს - ოპოზიცია შს მინისტრის განცხადებებს აბსურდულ უწოდებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან იძულებით გაყვანის ფაქტის გამო, საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ აფგან მუხტარლის საზღვარზე გადაყვანა ქართულ სამართალდამცველებთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდებოდა.

„როგორც არ უნდა იმართლოს თავი საქართველოს ხელისუფლებამ, შეუძლებელია მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება თუ ეს არ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული ან თუ მასში არ მონაწილეობს ხელისუფლება. საქართველოს მთავრობამ შელახა ქვეყნის სუვერენიტეტი, შეულახა ქვეყანას ეროვნული ღირსება და ფაქტობრივად, მან უკანონოდ ითანამშრომლა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს ფაქტი არის სასწრაფოდ გამოსაძიებელი, ხოლო მანამდე, საქართველოს ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი უნდა გადადგეს,“ - ამბობს რომან გოცირიძე.  

შს მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განმარტებებს ეხმაურებიან და აბსურდულს უწოდებენ ევროპულ საქართველოში. საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

მათვე თქმით, დღეს ქვეყანა ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის წინაშე დგას.

„ყოველგვარ ლოგიკურ აზრს არის მოკლებული ვამტკიცოთ, რომ ადამიანი, რომელსაც დიდი ალბათობით ელოდა პატიმრობა, საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ფეხით გადასულიყო საზღვარზე და ამასვე ადასტურებს შს მინისტრის რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დაბნეული და არაკომპეტენტური განცხადებები, რაც ადასტურებს, რომ ან ამ ქმედებებში ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და სამწუხაროდ, ჩადენილია სერიოზული დანაშაულებრივი დარღვევები ან სახელმწიფო სტრუქტურები არის სრულად ჩამოშლილი,“ -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის იძულებით გაყვანის საქმეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მღებრიშვილის განცხადებით, მუხთარლი დაკავებული იქნა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის მიერ ბალაკენსკის რაიონის მიმართულებით. გიორგი მღებრიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ და დაელოდონ გამოძიებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები