17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა - პრემიერი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობს

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებების მიზანია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი მოვლენების დროს, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას, მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის უფრო მეტად დაცვა და მიყენებული ზარალის პრევენცია.

"ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ, შემოგვაქვს ცვლილება - სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისივე განმარტებით, სავალდებულო იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაც.

"ეს მოთხოვნა იქნება აღსრულებული, რადგან ჩვენ ხშირად გვაქვს ინციდენტები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის, ზოგჯერ ჯანმრთელობისა თუ ქონების დანაკარგი მოჰყვება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზე, არამედ ყველა ავტომფლობელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმა იგრძნონ თავი ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოებში მოქმედი წესები. მესამე პირთა მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები