17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები თავდაცვის საკითხებზე - ოპოზიციას შენიშვნები აქვს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არის ჩანაწერი, რომ იქმნება თავდაცვისა და სხვა შეიარაღების ძალები. ოპოზიციის შეფასებით, ეს ჩანაწერი გაურკვევლობას იწვევს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი ტერმინოლოგიურად უნდა გასწორდეს.

„კონსტიტუცია საკუთარი დღევანდელი შემოთავაზებული სიტყვარით შესაძლებელს ხდის ქვეყანაში სავარაუდოდ, სხვა საჯარისო შენაერთების შექმნას. ამავე დროს ასევე გაურკვეველია, რატომ არ მოითხოვს პარლამენტის მანდატს ჩვენი შეიარაღებული ძალების გამოყენება ქვეყნის შიგნით და ზოგადად სრულიად გაუმართავია საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმები თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემაზე. შემოთავაზებული პროექტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს ჰიბრიდული ომის პირობებში,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

შემოთავაზებული პაკეტის მიხედვით უქმდება პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო, ასევე იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში.

ცვლილებები თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის შეფასებით, მნიშვნელოვანი საფრთხეების შემცველია.

„ისე იქნა შემუშავებული ეს თავი თავდაცვის და უსაფრთხოების, რომ არცერთი ადამიანი, რომელიც ამ თემებზე მუშაობს, არ ყოფილა ჩართული. ყველკაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უშიშროების საბჭო იკარგება, როგორც მთავარი მაკოორდინებელი ორგანო, პრეზიდენტს ეკარგება ფუნქციები უსაფრთხოების სფეროში,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

უშიშროების საბჭოს გაუქმებასა და პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიებს საპარლამენტო უმრავლესობაში არ იზიარებენ.

„შემოთავაზებული ეროვნული უშიშროების საბჭოს არსებობა წყვეტს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, სცილდება ყველანაირ ჯანსაღ და საღ აზროვნებას. პირიქით, იგივე ვენეციის კომისიის შეთავაზება, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა არის ის, რომ ჩვენ ეფექტური ორგანოები შევქმნათ და არა პრეზიდენტის მრჩეველი ორგანოთი გადავწყვიტოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ეს არის გამორიცხული, ამიტომ ეს არის სუფთა პოლიტიკური სპეკულირება. დავაყენებ საკითხს, რომ მთლიანად ამოვიდეს სხვა ტიპის შეიარაღებული ძალების არსებობა კონსტიტუციაში“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები