02 მაისი 2024,   21:22
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგში 10 საკითხია. ისაუბრებენ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებზე. ამ პერიოდში კი საქართველოს მოქალაქეების გატაცების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ცხინვალის იზოლატორში ჩვენი 6 მოქალაქე რჩება, მათ შორის 5 ივნისს დაკავებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურღულის 4 მკვიდრი. შეხვედრაზე ე.წ. ბორდერიზაციის საკითხიც განიხილება, მათ შორის ოსური მხარის მიერ დაანონსებული სადემარკაციო სამუშაოები ოსურ სოფელ იონჩასთან.

რა საკითხებზე იქნება კონკრეტულად საუბარი შეხვედრისას, ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ისაუბრა.

„განსაკუთრებული ყურადღება ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ცხადია გამახვილდება გიორგი გიუნაშვილის საქმეზე. მოგეხსენებათ, ეს ადამიანი კვლავაც იმყოფება ე.წ. პატიმრობაში უკანონოდ, ცხინვალის ე.წ. ციხეში. საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას კვლავაც ექმნება პრობლემები უკანონოდ აღმართული მავთულხლართების ღობეების თუ სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. ეს  გარკვეულწილად ჰუმანიტარულ ჭრილში ძალიან აქტუალური საკითხია, სწორედაც ამ კონტექსტში დავაყენებთ დღეს ჩვენ ამ პრობლემას შეხვედრის მონაწილეებთან. გარდა ამისა, ცხადია გვექნება დეტალური საუბარი იმ დაკავებაზე, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ მაცხოვრებლებს,“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

დღის ამბები