18 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
კრიტიკა და მწვავე შეკითხვები ოპოზიციის მხრიდან - უმცირესობა მთავრობისგან 2016 წლის ბიუჯეტის ანგარიშს ისმენს

2016 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს მთავრობისგან საპარლამენტო უმცირესობა ისმენს. დეპუტატებს შენიშვნები და მწვავე კითხვები აქვთ, როგორც ბიუჯეტთან, ასევე მთავრობის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმცირესობა უკმაყოფილოა იმის გამოც, რომ ბიუჯეტის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში არა უშუალოდ ფინანსთა მინისტრი, არამედ მისი მოადგილე წარმოადგენს.

„ნამდვილად ვალდებულია ყველა მინისტრი, რომ, როდესაც ადამიანებს აქვთ პრობლემა, როდესაც ადამიანებს აქვთ კითხვები, როდესაც ადამიანებს აქვთ წუხილი, მოვიდეს და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ,“ - მიმართა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს.

უმცირესობის წევრებმა იმ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც 2017 წელს დაფინანსება გაეზარდა.

„როცა 2017 წლის ბიუჯეტი დგებოდა და სუს-ის ბიუჯეტი გაიზარდა 18 მილიონი ლარით, მაშინ თქვენ თუ ელოდით, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ასე მოგვჭრიდა თავს ყველას და ქვეყანას მოჭრიდა თავს,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ამის თაობაზე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ სუს-ის საქმიანობაზე ვერ ისაუბრებდა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ, განაცხადა, რომ მთავრობა საჭიროების არმქონე სფეროებს აფინანსებს და ქვეყნის ბიუჯეტს ფლანგავს.

„პირდაპირ ვერ ხვდებით, რომ სისულელეა და მავნებლობაა ამაზე ჩვენი საერთო ფულის ხარჯვა? მუცლით მეზღაპრეობაზეც თეორიულად. თურმე შემთხვევისთ არ გამხსენებია, რომ მუცლით მეზღაპერობის სკოლას უნდა აფინანსებდეს ჩვენი მთავრობა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატს ამ საკითხზე განუცხადა, რომ თეორიულად ნებისმიერი პრობლემა განსახილველი და შესასწავლია.

„თეორიულად ყველა პრობლემა უნდა იყოს შეფასებული და სწორად იყოს წარმოდგენილი ბიუჯეტში და ერთად უნდა შევაფასოთ და ერთად მივიღოთ ამაზე გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დღის ამბები